ბავარიული შოკოლადის კრემი – დესერტი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ

1483

ბავარიული კრემი კლასიკური  დესერტია, რომელიც მოხარშული კრემით, ათქვეფილი ნაღებითა და ჟელატინით მზადდება. კულინარიის ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან, ის მართლაც ბავარიაში გამოიგონეს თუ ფრანგმა კულინარებმა დაარქვეს ასე – მათ, ვინც ეს ნუგბარი პოპულარული გახადა მე-19 საუკუნეში.

ინგრედიენტები: 

მოხარშული კრემი:

  • 1/3 ფინჯანი (90 მლ) რძე
  • 1/3 ფინჯანი (90 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 1/4 ფინჯანი (50 გ )  შაქარი
  • 2 ფირფიტა ჟელატინი ან 1 ½ ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი + 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი
  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 3/4 ფინჯანი (200 მლ) ცხიმიანი ნაღები

მოსართავად:

  • 30 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 1/2 ფინჯანი (100 გ) ახალი, შერეული კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი და ა.შ.)

მომზადების წესი: 

  1. მოხარშული კრემი: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები და დადგით საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ვანილის ჩხირი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. დიდ თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, ვიდრე არ გათეთრდებადა კრემის სისქისა არ გახდება. ვანილის ჩხირი ამოიღეთ და ცხელი რძიანი მასა დაუმატეთ გოგლი-მოგლს, თან კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ჩაასხით ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 5 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე მასა არ გასქელდება (კრემი არ უნდა ადუღდეს).
  3. ჟელატინის ფირფიტები ცივწყლიან პატარა თასში ჩაყარეთ დასარბილებლად დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ ფირფიტები ამოიღეთ წყლიდან, ფრთხილად გაწურეთ და შეურიეთ თბილ კრემს.
  4. თუ ჟელატინის ფხვნილს იყენებთ, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და 5 წუთით დატოვეთ. როცა გაფუვდება, შეათბეთ და დაუმატეთ კრემს.
  5. კრემი გაწურეთ წმინდა საწურში და გასაგრილებლად დადგით. ურიეთ, რომ ქაფი არ წარმოიქმნას. შოკოლადი დაბალ ცეცხლზე წყლის ორთქლზე გაადნეთ, გააგრილეთ და შეურიეთ მოხარშულ კრემს. თავზე დააფარეთ და გააცივეთ.
  6. ნაღები ათქვიფეთ ისე, რომ ძალიან არ გასქელდეს და შეურიეთ შოკოლადს. თუ მოხარშული კრემი ძალიან გასქელდა, ჩადგით ცხელწყლიან ჯამში და ურიეთ, სანამ არ გათხელდება, რომ ნაღებს კარგად შეუზავდეს.
  7. 125 მლ მოცულობის 4 ყალიბს ცოტა ცხიმი წაუსვით და ჩაასხით მიღებული მასა. მაცივარში გამკვრივებამდე, 3-4 საათით შედგით.
  8. სუფრაზე მიტანის წინ ფრთხილად გადმოიღეთ ყალიბებიდან და ცალ-ცალკე დაალაგეთ. მორთეთ გახეხილით შოკოლადით, კენკროვანი ხილით ან თქვენი ფანტაზიით.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.