ალუბლიანი შოკოლადის სუფლე – დესერტი, რომელიც პირში დნება

1452

ტერმინი “სუფლე” ფრანგულია, ნიშნავს “გაფუებას”. სუფლე ძნელად მოსამზადებელ კერძად ითვლება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მისი ცომი შეიძლება ნაწილობრივ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. ათქვეფილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის ნაზავს ემატება, ბეზე კი უშუალოდ გამოცხობის წინ შეურიეთ. მოდით, ნუ დავკარგავთ დროს და შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი
  • 6 სუფრის კოვზი შავი შოკოლადი, გახეხილი

სუფლე: 

  • 1 ფინჯანი (250 მლ) რძე
  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 60 გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი ყავის ექსტრაქტი (ესენცია) ან ყავის ლიქიორი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 60 გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ნუში, მოხალული და დაფქული
  • 6 დიდი კვერცხი, განცალკევებული
  • 125 გ დაკონსერვებული ალუბალი, უკურკო, გადაწურული
  • მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი – მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. 150 მლ მოცულობის 8 სუფლეს ყალიბი გამდნარი კარაქით გაპოხეთ. მოასხით შოკოლადი და ამოძრავეთ, სანამ ყალიბის გვერდები და ძირი სქლად და თანაბრად არ დაიფარება შოკოლადით. ზედმეტი შოკოლადი გადმოღვარეთ და გამომცხვარ სუფლეზე თავზე მოსასხმელად გადაინახეთ. სუფლეს ყალიბები დაალაგეთ ღრმა საცხობ ლანგარზე.
  2. პატარა, სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ რძე, ადუღებამდე ნუ მიიყვანთ.
  3. თანდათან დაუმატეთ შოკოლადი, ცეცხლს დაუწიეთ და გადნობამდე დატოვეთ, თან ურიეთ.
  4. საშუალო ზომის ჯამში გაადნეთ კარაქი, გადმოდგით ცეცხლიდან და ფქვილი შეურიეთ. ისევ დაბალ ცეცხლზე გადადგით და მოამზადეთ გაყავისფრებამდე, გამუდმებით ურიეთ 1 წუთი.
  5. გადმოდგით ცეცხლიდან და შოკოლადიანი რძე დაამატეთ. ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით 2-3 წუთით და გამუდმებით ურიეთ, სანამ რბილი და სქელი არ გახდება. შეურიეთ ყავისა და ვანილის ექსტრაქტები. გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ.
  6. შოკოლადის ნაზავს შეურიეთ ნახევარი შაქარი და ნუში. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5). სუფლეს თითოეულ ყალიბში მოათავსეთ თითო კოვზი ალუბალი.
  7. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. თანდათან დაუმატეთ მორჩენილი შაქარი და თქვიფეთ, სანამ არ გამაგრდება.
  8. 1 დიდი კოვზი ბეზე შოკოლადის ნაზავს დაუმატეთ, შემდეგ ფაქიზად შეურიეთ დანარჩენი ბეზეც.
  9. მიღებული მასით ისე აავსეთ სუფლეს ყალიბები, რომ  კიდეებიდან 1 სმ ადგილი დარჩეს. ზედაპირი კოვზით მოასწორეთ. ყალიბები საცხობ ლანგარზე დაალაგეთ.
  10. აცხვეთ 12-15 წუთი, მაღალ ცეცხლზე, სანამ არ ამოვა, გაფუვდება და კარგად გამოცხვება.
  11. მოაყარეთ შაქრის პუდრი და გახეხილი შოკოლადი. სუფრაზე დაუყოვნებლივ მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!