ძალიან გემრიელი “ზებრა” კვერცხისა და რძის გარეშე. სამარხვო დესერტი, რომელიც შეგიყვარდებათ

1
4658

მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს ხშირად შეკრება, ცხელი ჩაისა და გემრიელი დესერტის მირთმევის პარალელურად ერთმანეთისთვის საინტერესო ისტორიების გაზიარება. დიდი მარხვის პერიოდში, როდესაც კვებაში მაქსიმალურად ვიზღუდავთ თავს, ორგანიზმი რაიმე გემრიელს ისე ძალიან გვთხოვს, როგორც არასდროს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს არაერთი საინტერესო რეცეპტი. სამარხვო “ზებრა” კვერცხისა და რძის გარეშე, ბოლო დროს ჩემს ოჯახში ნამდვილ ფავორიტად იქცა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამარხვო დესერტები ბანალური, მოსაწყენი და უგემურია, ძალიან ცდებით.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც თავად დაახლოებით 1 თვის წინ აღმოვაჩინე. ასე მომზადებული “ზებრა”, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყენებთ კვერცხსა და რძეს, იმდენად გემრიელი და არომატული გამოდის, რომ თავის ორიგინალ ვარიანტს არაფრით ჩამოუვარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ.

სამარხვო “ზებრა”

თეთრი ფენის ინგრედიენტები: 

  • 150 გრამი შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 300 გრამი ფქვილი
  • 200 მლ წყალი ან ბანანის წვენი
  • 1 ბანანი

ინგრედიენტები შოკოლადის ფენისთვის:

  • 150 გრამი შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრამი კაკაო
  • 200 მლ წყალი ან ხსნადი ყავა
  • 300 გრამი ფქვილი

მომზადება:

1. აიღეთ ღრმა ჭურჭელი, ჩანგლის გამოყენებით კარგად დასრისეთ მომწიფებული ბანანი მასში და დაასხით წყალი ან ბანანის წვენი. მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, მარილი, გამაფხვიერებლი და ფქვილი. ურიეთ კარგად იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება და შემდეგ გადადით მომდევნო ეტაპზე.

2. ზუსტად ანალოგიური ინსტრუქციით მოამზადეთ შოკოლადის ფენა. კარგად თქვიფეთ ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. მოამზადეთ სასურველი საცხობი ფრომა. ჩაასხით მასში თეთრი და შავი ცომი ფენა-ფენად. რაც უფრო მეტ ფენას გააკეთებთ, მით უფრო ლამაზი იქნება თქვენი ტორტი. როდესაც ცომის უკანასკნელ ფენას გამოიყენებთ, მოასწორეთ მისი ზედაპირი, შემდეგ ჩაარჭეთ ტორტში ჩანგალი და მოხაზეთ რგოლები, რათა მიიღოთ შავ-თეთრი ცომის ლამაზი კომბინაცია, როგორიც ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები.

4. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ მასში ჩვენი დესერტი 40-45 წუთის განმავლობაში.

როდესაც ჩვენი “ზებრა” მზად იქნება, სახლში საოცარი არომატი გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დესერტი სამარხვოა, ის ორიგინალ ვარიანტს გემოვნური თვისებებით არ ჩამოუვარდება, რაშიც თავად დარწმუნდებით.

ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

1 კომენტარი

  1. ფქვილი ზედმეტია შოკოლადის ცომში და სიტკბო აკლია.არ არის სწორი დოზები

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი