მოამზადეთ მწვანე ტყემლის საწებელი ამ რეცეპტით, რათა მისი გამორჩეული გემო და არომატი არასოდეს დაგავიწყდეთ

3153

ქართული ხასიათის მკვეთრი გამორჩეულობა და მრავლფეროვნება, ქვეყნის ლანდშაფტის თავისებურებები, გემოვნების მრავალმხრივობა ქართულ საწებლებში გამოიხატება. ქართულ კულინარიას ბევრნაირი საწებელი აქვს ნებისმიერი გემოვნებისთვის, სხვადასხვაგვარი კერძის თანსართად, გნებავთ, თავსართად, ნებისმიერი კერძის გასამდიდრებლად. გასტრონომიას რედაქცია დღეს მწვანე ტყემლის საწებლის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • მწვანე ტყემალი/მკვახე ალუჩა – 10 კგ ან შერეული 5-5 კგ
  • ქინძი აყვავებული – 180 გ
  • ომბალო – 180 გ
  • ცხარე წითელი წიწაკა – 100 გ
  • ნიორი – 200 გ
  • ცერეცო ცოცხალი – 90 გ
  • მარილი – 180 გ
  • შაქარი -180-დან – 500 გრამამდე (დამოკიდებულია ტყემლის სიმჟვეზე)

მომზადების წესი:

  1. მწვანე ტყემალს დაამატეთ 500 მლ წყალი და მოხარშეთ ღრმა ქვაბში. ურიეთ, სანამ ტყემალი არ დაიშლება. გააცივეთ და გადაწურეთ. მოაშორეთ კანი და კურკები.
  2. გადაწურული მასა ისევ აადუღეთ, დაუმატეთ ძალიან წვრილად დაკეპილი ომბალო, ქინძი, ცხარე წითელი წიწაკა, ცერეცო და დაჭყლეტილი ნიორი. ადუღეთ 15-20 წუთს საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ შაქარი და მარილი, გასინჯეთ და თქვენი გემოვნებით დაუმატეთ სანელებლები და მარილი.
  3. მზა საწებელი ჩაასხით სტერილურ ჭურჭელში, ბოლომდე გაავსეთ და სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
  4. შესაძლებელია ტყემლის ჩანაცვლება ყვითელი ტყემლითა და მწიფე ალუჩით თუ გინდათ, რომ ყვითელი ფერის საწებელი მიიღოთ.
  5. იხელმძვანელეთ ამ რეცეპტით  და მწვანე ტყემლის საწებელი ნამდვილად იდეალური გამოგივათ.